ზუსტი თარიღი როდის გაიხსნება სილამაზის სალონები


საქართველოში 18 მაისიდან სილამაზის სალონები გაიხსნება - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
"იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ. გარკვეული ნაბიჯები გახსნასთან დაკავშირებული, ცოტა ადრე გავაკეთოთ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 18 მაისიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიური ცენტრები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, სალონებში იქნება ელექტრონული რიგი და სოციალური დისტანცია დაცული.
"სილამაზის სალონები, რომელიც არის ძალიან დიდი სეგმენტი მცირე ბიზნესის, ინდმეწარმეებისა და მიკრომეწარმეების, ასაქმებს ბევრ ადამიანს და საკმაოდ დიდი მოთხოვნაც არსებობს ამ სერვისებზე, იყო ძალიან პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ჩვენთვის. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაძლევს საშუალებას მკაცრი სტანდარტების დაცვით 18 მაისიდან მოხდეს სილამაზის სალონების აღდგენა. მე და ჩემს კოლეგებსაც მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ბევრ ბიზნესთან და მათ შორის სილამაზის სალონებთან, იქ დასაქმებულ ადამიანებთან, ვიცი, რომ ძალიან პასუხისმგებლიანად მიუდგნენ ყველა იმ შეზღუდვას, რაც იქნება დაწესებული. ეს უკვე იქნება სულ სხვა პრინციპებზე აწყობილი პროცედურები." - განაცხადა თურნავამ.

წყარო: inforustavi

Comments